• info@nam.gov.ge 0 32 2 950 030 facebook map
    წიაღის სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა

    „წარმატებით დასრულდა წიაღის სექტორის რეფორმის პირველი ფაზა, რომლის ფარგლებშიც წიაღის სექტორის პოლიტიკის დოკუმენტი მომზადდა,“ - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მაია ზავრაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, სადაც წიაღის სფეროში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლებს საქმიანობის შედეგები, ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნო.შეხვედრას მინისტრი გიორგი ქობულია ესწრებოდა.

     წიაღის სექტორის პოლიტიკის დოკუმენტში მოცემულია ისეთი ძირითადი მიმართულებები, როგორიცაა გეოლოგიურ მონაცემთა მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვა, სალიცენზიო რეჟიმის გადახედვა და გაუმჯობესება, ფისკალური რეჟიმის განახლება - საბაზრო ღირებულებაზე დაფუძნებული როიალტის სისტემის დანერგვა და ა.შ.

    მაია ზავრაშვილის განცხადებით, წიაღის სექტორის პოლიტიკის დოკუმენტი ასევე მოიცავს საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას, გარემოსდაცვითი მონიტორინგის მექანიზმების, (საბადოთა რეკულტივაციის სისტემის გაუმჯობესება), ასევე შრომის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებას, სოციალური და კულტურული ზეგავლენის მონიტორინგის მექანიზმის შემუშავებას და მიწათსარგებლობის საკითხებთან დაკავშირებული კანონმდებლობის დახვეწას.

    როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რეფორმის ფარგლებში უკვე მიღწეულია ისეთი შედეგები, როგორიცაა სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, გაციფრებული ანგარიშების ელექტრონული კატალოგის (https://nam-geofund.archival-services.gov.ge/) დანერგვა, ინფორმაციის მიღებისთვის დადგენილი საფასურის გაუქმება, ასევე სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მინიმალური საწყისი სააუქციონო ფასის 500 ლარიდან 50 ლარამდე შემცირება (ჰექტარზე) და ა.შ.

    „ინტეგრირებული ნებართვის გასაცემად ჩვენ დავნერგეთ “ერთი სარკმლის” პრინციპი, რაც კიდევ უფრო უმარტივებს დაინტერესებულ კომპანიებს საჭირო მომსახურების მიღებას. ასევე, ჩვენი ინიციატივით გამარტივდა ტყის ფონდის ტერიტორიაზე ოპერირების ნებართვა და შესწავლის მიზნით ჩასატარებელ სამუშაოებზე მოიხსნა ცალკეულ ტერიტორიებზე დადგენილი შეზღუდვა. დაინერგა სასარგებლო წიაღისეულის მარაგების გამოთვლის თანამედროვე სტანდარტები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბიზნესპროცესების დიგიტალიზაცია, რომლის ფარგლებშიც დავნერგეთ ლიცენზიის გაცემისა და ანგარიშგების ელექტრონული პროგრამა www.nam.rs.ge“, - აღნიშნა მაია ზავრაშვილმა.