საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების საერთშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილ პროექტთან, „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G).
დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით კვლევა განახორციელა საკონსულტაციო კომპანიამ - PMO Business Consulting. კვლევა ეხებოდა საქართველოს სამთო-მოპოვებით სექტორში არსებული მდგომარეობის აღქმას საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბიზნესის მიერ (Business Perception Survey of the Mining Sector). კვლევის მიზანი იყო სამთო-მოპოვებით მრეწველობაში არსებული ძირითადი გამოწვევების იდენტიფიცირება და მარეგულირებელ ჩარჩოში არსებული ისეთი საკითხების გამოვლენა, რომლებიც საჭიროებს გაუმჯობესებას. კვლევის შედეგების განხილვაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე და სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი მაია ზავრაშვილი. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ წიაღის ინდუსტრიისა და სხვა პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კვლევის შედეგების საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები იმ რეფორმების განხორციელების კუთხით, რომლებიც ხელს შეუწყობს სექტორის მიმზდიდველობის ზრდას საერთაშორისო ბაზარზე, ინვესტიციების სტიმულირებასა და ეკონომიკური სარგებელის ოპტიმიზაციას.
აღსანიშნავია, რომ სამთო-მოპოვებით სექტორში მოღვაწე ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამართული მარეგულირებელი პრაქტიკის არსებობა. ამ კუთხით საქართველოში არსებითი ცვლილებები ხორციელდება. ამასთანავე გამოიკვეთა, რომ ქვეყანაში არსებული უსაფრთხო გარემო, პოლიტიკური სტაბილურობა და კორუფციის არარსებობა ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის საერთაშორისო ინვესტორთათვის ნდობის გაზრდის კუთხით.
მნიშვნელოვანია, საქართველომ ყურადღება გაამახვილოს გეოლოგიურ მონაცემთა ბაზის დახვეწასა და ინფორმაციულ სრულყოფაზე, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს წიაღის სექტორში გეოლოგიური რუკების შედგენასა და გეოლოგიურ მონაცემთა მართვის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას.
დღეისათვის საქართველოში წიაღის მართვის სისტემური გაჯანსაღებისათვის მიმდინარეობს ძირეული რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს წიაღით სარგებლობის პოლიტიკისა და მართვის სტრუქტურულ გაუმჯობესებას.