• info@nam.gov.ge 0 32 2 950 030 facebook map
    გეოლოგის დღე

    გეოლოგებს პროფესიული დღე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა ნინო ენუქიძემ და სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობამ მიულოცეს.
    მინისტრის მოადგილემ, უწყების გასული წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა და სამსახურის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. 
    „ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გეოლოგის საქმიანობა კიდევ უფრო დაფასებული იყოს და უფრო მეტი როლი ითამაშოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. მიმდინარე წელს ყურადღებას გავამახვილებთ თანამედროვე ტექნოლოგიურ და ინფრასტრუქტურულ გაძლიერებაზე“,- განაცხადა ნინო ენუქიძემ.
    როგორც სააგენტოს უფროსმა ანდრო ასლანიშვილმა აღნიშნა,  სააგენტოში აქტიურად მიმდინარეობს გეოლოგიურ ფონდში არსებული რუკების გაციფრულების სამუშაოები. დასკანერებულია და დასაარქივებლად მომზადებულია გეოლოგიური სახელმწიფო ფონდების 34 000-ზე მეტი რუკა, გასულ წელს სალიცენზიოდ შემოსულ განცხადებებზე - 1 375 ობიექტზე გეოსაინფორმაციო პაკეტი და ტოპოგრაფიული რუკა მომზადდა.
    სააგენტოს უფროსის თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 554 ლიცენზია გაიცა. ამასთან, ლიცენზიის მისაღებად 505 ობიექტზე 46 ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა. ხოლო, ლიზენციით განსაზღვრული პირობების თანახმად, 2 700 მოქალაქე დასაქმდა.
    ამავდროულად, მიმდინარე წელს იგეგმება სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის გაძლიერება, დამატებითი ჯგუფების შექმნით, რაც სააგენტოს მხრიდან კიდევ უფრო აამაღლებს კონტროლის ფუნქციებს.
    ცნობისთვის, საქართველოში გეოლოგიის დღე 1966 წლიდან აღინიშნება.