საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სადაც, ამ მიმართულებით, UNDP-ის მხარდაჭერილი მიმდინარე პროექტის მნიშვნელოვანი ასპექტები განიხილეს.
შეხვედრას სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი, უფროსის მოადგილე ირაკლი გელაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი გვანცა ბიწაძე ესწრებოდნენ. ამასთან, მონაწილეობდნენ UNDP-ის, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სსიპ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები.
სააგენტოს უფროსმა ანდრო ასლანიშვილმა, საუბრისას ხაზი გაუსვა პროექტის განხორციელების მნიშვნელობას, რომელიც მოიცავს რისკების შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავებას, სამთომოპოვებითი რისკების სახელმძღვანელო დოკუმენტის მომზადებასა და ინსპექტორების შესაძლებლობების გაძლიერებას. ასევე, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვის მიმართულებასა და ბიზნეს პროცესების ანალიზის ჩატარებაზე.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის პირველ ეტაპზე, UNDP-ისა და საერთაშორისო ექსპრტების დახმარებით მომზადდა რისკების შეფასების მეთოდოლოგია და მატრიცა, როგორც სამთომოპოვებითი ინსპექტირების სახელმძღვანელო დოკუმენტი საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების მიზნით. აღნიშნული მოიცავს, საქართველოს სამთომოპოვებით სექტორში არსებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, გარემოსდაცვით და სოციალურ რისკებს.
პროექტის შედეგების პრაქტიკაში დანერგვისა და მაქსიმალური ეფექტურობის მიღწევისათვის საჭიროა სპეციალური ელექტრონული სისტემის (software) შექმნა. აღნიშნული შეითავსებს კონტროლისა და მონიტორინგის ერთიანი ბაზის ფუნქციას და ყველა შესაბამისი უწყებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობასა და ამ მიმართულებით დაგეგმილი აქტივობების ერთობლივი ძალებით განხორციელებაზე შეთანხმდენენ.